მომსახურების პირობები
ძალაში შესვლის თარიღი: 01.09.2026 · ბოლო განახლება: 12.11.2026
წინამდებარე მომსახურების პირობები (შემდგომში: „პირობები“) არეგულირებს FormaCore-ის პლატფორმასთან წვდომასა და სარგებლობას, მათ შორის ადმინ-პანელით, წევრთა პორტალით, მობილური აპლიკაციებითა და დაკავშირებული სერვისებით (ერთობლივად: „მომსახურება“), რომელთაც უზრუნველყოფს შპს „ფორმაკორი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 405872854, მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა, კორპუსი 1, ბინა 180; შემდგომში: „FormaCore“, „ჩვენ“ ან „ჩვენი“).
ანგარიშის შექმნით ან მომსახურებით სარგებლობით, თქვენ (შემდგომში: „დამკვეთი“, „თქვენ“) ეთანხმებით და იღებთ ვალდებულებას დაიცვათ წინამდებარე პირობები. თუ ამ პირობებს ეთანხმებით იურიდიული პირის სახელით, აცხადებთ და ადასტურებთ, რომ გაგაჩნიათ შესაბამისი უფლებამოსილება წარმოადგინოთ აღნიშნული კომპანია. თუ FormaCore-თან გაფორმებული გაქვთ მომსახურების ხელშეკრულება, ის წარმოადგენს ამ პირობების განუყოფელ ნაწილს და მათ შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ხელშეკრულებას.
1. მომსახურება
FormaCore წარმოადგენს მრავალმომხმარებლიან (multi-tenant) ჯანმრთელობისა და დასვენების სფეროს მართვის SaaS პლატფორმას სპორტული დარბაზებისთვის, ფიტნეს სტუდიებისთვის, სპა ცენტრებისთვის, სალონებისა და ანალოგიური ბიზნესებისთვის. მომსახურება მოიცავს ადმინ-პანელს (წევრთა მართვა, ვარჯიშების/განრიგის დაგეგმვა, გადახდები, POS სალარო, პერსონალის მართვა, CRM, ავტომატიზაცია, მარკეტინგი და რეპორტინგი), წევრთა თვითმომსახურების პორტალს და გაშვების შემდეგ iOS და Android მობილურ აპლიკაციებს.
კონკრეტული დამკვეთისთვის ხელმისაწვდომი ფუნქციონალი დამოკიდებულია შეძენილ სააბონენტო გეგმაზე. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ დროთა განმავლობაში დავამატოთ, შევცვალოთ ან შევაჩეროთ ცალკეული ფუნქციები; ამასთან, აქტიური სააბონენტო პერიოდის განმავლობაში, წინასწარი შეტყობინების გარეშე არ შევამცირებთ შეძენილი ფასიანი გეგმის ძირითად ფუნქციონალს არსებითად.
2. ანგარიშები
თქვენ ვალდებული ხართ მოგვაწოდოთ ზუსტი სარეგისტრაციო ინფორმაცია. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი ანგარიშისა და მის ქვეშ შექმნილი პერსონალის ანგარიშების ავტორიზაციის მონაცემების კონფიდენციალურობაზე, აგრეთვე ნებისმიერ აქტივობაზე, რომელიც ხორციელდება თქვენი ანგარიშიდან. ნებისმიერი არაავტორიზებული წვდომის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ FormaCore-ს.
3. გამოწერა, ანგარიშსწორება და ფასწარმოქმნა
- FormaCore-ის მომსახურებაზე მოქმედებს სააბონენტო ფასწარმოქმნის მოდელი თითოეულ ლოკაციაზე. გეგმა, ლოკაციები, საფასური და ანგარიშსწორების პერიოდი განისაზღვრება დამკვეთთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებით.
- გამოწერა ფორმდება 12 თვის ვადით, თუ მომსახურების ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, და ავტომატურად გრძელდება იმავე ვადით, თუ რომელიმე მხარე მიმდინარე ვადის დასრულებამდე არანაკლებ 30 დღით ადრე წერილობით არ განაცხადებს უარს განახლებაზე.
- საფასურის ინვოისი გაიცემა წინასწარ, ყოველი ანგარიშსწორების პერიოდის დასაწყისში, და იფარება ინვოისის გაცემიდან 14 დღის განმავლობაში.
- საფასური მითითებულია ლარში (GEL) და არ მოიცავს დღგ-ს და სხვა მოქმედ გადასახადებს, თუ სხვა რამ არ არის მითითებული.
- ანგარიშსწორების მისაღები ფორმებია საბანკო გადარიცხვა და ონლაინ გადახდა. ონლაინ გადახდისას თქვენ აძლევთ უფლებამოსილებას FormaCore-ს (ან ჩვენს საგადახდო პროვაიდერს) ჩამოჭრას შესაბამისი თანხა მითითებული გადახდის მეთოდიდან.
- თუ ინვოისი არ დაიფარა 14 დღის განმავლობაში, მომსახურებაზე წვდომა იბლოკება გადახდის მიღებამდე. ბლოკირების პერიოდში დამკვეთის მონაცემები ინახება უცვლელად. ბლოკირება არ ათავისუფლებს დამკვეთს გადახდის ვალდებულებისგან.
- განახლებისას საფასური შეიძლება ინდექსირდეს არაუმეტეს 10%-ით, არაუმეტეს 12 თვეში ერთხელ, არანაკლებ 30 დღით ადრე წერილობითი შეტყობინებით. გამოწერის ვადის განმავლობაში ფასის სხვა ზრდა არ ხორციელდება. დამკვეთის მოთხოვნით დამატებული ლოკაციები, დამატებითი ფუნქციები (add-ons) ან მომსახურება ანაზღაურდება ცალკე, მოთხოვნის დროს შეთანხმებული ფასით.
- თუ დამკვეთი შეწყვეტს მომსახურებით სარგებლობას გამოწერის ვადის დასრულებამდე, დარჩენილი ვადის საფასური ექვემდებარება გადახდას სრულად.
- გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული ან მომსახურების ხელშეკრულებით მკაფიოდ განსაზღვრული შემთხვევებისა, გადახდილი საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება.
4. დამკვეთის მონაცემები და წევრთა მონაცემები
- მხარეთა შორის შეთანხმებით, დამკვეთი ინარჩუნებს საკუთრების უფლებას იმ მონაცემებზე, რომელთაც ის ტვირთავს ან აგენერირებს მომსახურების მეშვეობით, წევრთა მონაცემების ჩათვლით.
- ჩვენ წევრთა მონაცემებს ვამუშავებთ ექსკლუზიურად დამკვეთის სახელითა და ინსტრუქციებით, მონაცემთა დამუშავების შეთანხმების (DPA) შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს ამ პირობების განუყოფელ ნაწილს.
- დამკვეთი პასუხისმგებელია უზრუნველყოს, რომ გააჩნია შესაბამისი უფლებები და სამართლებრივი საფუძველი წევრთა მონაცემების სისტემაში განსათავსებლად და პლატფორმის კომუნიკაციისა თუ ავტომატიზაციის ინსტრუმენტების გამოსაყენებლად (Resend-ის მეშვეობით მარკეტინგული ელფოსტის გაგზავნის ჩათვლით).
- მომსახურების შეწყვეტისას, დამკვეთს ეძლევა 3 თვიანი ვადა მონაცემთა ექსპორტისთვის, რის შემდეგაც ჩვენ უზრუნველვყოფთ შენახული მონაცემების წაშლას ან ანონიმიზაციას, კანონმდებლობით დადგენილი შენახვის ვალდებულებების გათვალისწინებით.
5. მარეგულირებელი წესები და აკრძალვები
თქვენ ეთანხმებით, რომ არ განახორციელებთ შემდეგ ქმედებებს: მომსახურების უკანონოდ ან ამ პირობების დარღვევით გამოყენებას; არასანქცირებული შეტყობინებების (სპამის) გაგზავნას მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით; მომსახურებაზე, სხვა ანგარიშებზე ან ინფრასტრუქტურაზე უნებართვო წვდომის მცდელობას; პროგრამული კოდის ინჟინერიას (reverse engineering) ან წყაროს კოდის ამოღების მცდელობას, გარდა კანონით პირდაპირ ნებადართული შემთხვევებისა; მომსახურების ფუნქციონირების შეფერხებას; მავნე კოდის გავრცელებას; ან მომსახურების გადაყიდვას, სუბლიცენზირებას ან White-Label ფორმატში გავრცელებას FormaCore-ის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
ჩვენ უფლებას ვიტოვებთ შევაჩეროთ ის ანგარიშები, რომლებიც არღვევენ ამ მუხლის მოთხოვნებს, შესაძლებლობის ფარგლებში წინასწარი შეტყობინების საფუძველზე.
6. ინტელექტუალური საკუთრება
FormaCore ინარჩუნებს ყველა უფლებას მომსახურებაზე, მათ შორის პროგრამულ უზრუნველყოფაზე, დიზაინზე, სასაქონლო ნიშნებსა და ტექნოლოგიაზე. დამკვეთი იღებს შეზღუდულ, არაექსკლუზიურ, გადაუცემელ ლიცენზიას მომსახურებით სარგებლობაზე სააბონენტო პერიოდის განმავლობაში, საკუთარი შიდა ბიზნეს მიზნებისთვის. თქვენ მიერ მოწოდებული უკუკავშირი (Feedback) შესაძლოა გამოყენებული იქნეს ჩვენ მიერ ყოველგვარი შეზღუდვისა თუ ვალდებულების გარეშე.
7. მესამე მხარის სერვისები
მომსახურება ინტეგრირებულია მესამე მხარის პროვაიდერებთან, მათ შორის საგადახდო სისტემებსა და AI-ასისტენტირების ფუნქციებთან. აღნიშნული ინტეგრირებული ფუნქციებით სარგებლობა შესაძლოა ექვემდებარებოდეს შესაბამისი მესამე მხარის მომსახურების პირობებს, რა მოცულობითაც ისინი თქვენთვის ცნობილია. AI-ასისტენტირების ფუნქციების შედეგები წარმოადგენს მხოლოდ რეკომენდაციებს; დამკვეთმა უნდა გადაამოწმოს ისინი მათ საფუძველზე მოქმედებამდე.
8. მობილური აპლიკაციები
გაშვების შემდეგ, FormaCore-ის iOS და Android აპლიკაციებით სარგებლობა რეგულირდება წინამდებარე პირობებითა და შესაბამისი აპლიკაციების მაღაზიის (App Store / Google Play) წესებით. ცალკეულმა ფუნქციებმა შესაძლოა მოითხოვოს ნებართვები (მაგალითად: კამერა, Push-შეტყობინებები), როგორც ეს აღწერილია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში; თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ ამ ნებართვებზე, თუმცა ამ შემთხვევაში ზოგიერთი ფუნქცია შესაძლოა ხელუწვდომელი გახდეს.
9. მომსახურების ხელმისაწვდომობა
ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ პლატფორმის სტაბილური წვდომა, თუმცა არ ვიძლევით უწყვეტი ან შეცდომებისგან სრულად დაცული ფუნქციონირების გარანტიას. დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების შესახებ ეცნობებათ დამკვეთებს წინასწარ, გონივრულ ფარგლებში.
10. მოქმედების ვადა და შეწყვეტა
წინამდებარე პირობები ძალაშია თქვენი აქტიური გამოწერის მთელი პერიოდის განმავლობაში. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ხელშეკრულება მეორე მხარის მიერ პირობების არსებითი დარღვევისას, თუ აღნიშნული დარღვევა არ გამოსწორდა შეტყობინებიდან გონივრულ ვადაში. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ დაუყოვნებლივ შევაჩეროთ ან შევწყვიტოთ წვდომა მე-5 მუხლის დარღვევის ან საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში. დამკვეთის მიერ ხელშეკრულების ან მომსახურებით სარგებლობის შეწყვეტა, გარდა FormaCore-ის მიერ გამოუსწორებელი არსებითი დარღვევის შემთხვევისა, არ ათავისუფლებს დამკვეთს დარჩენილი სააბონენტო ვადის საფასურის გადახდისგან მე-3 მუხლის შესაბამისად. მომსახურების შეწყვეტისას დამკვეთის წვდომა უქმდება; მონაცემთა ექსპორტი და წაშლა ხორციელდება მე-4 მუხლისა და DPA-ის შესაბამისად.
11. პასუხისმგებლობის გამორიცხვა (Disclaimers)
მომსახურება მოწოდებულია პრინციპით „როგორც არის“ (AS IS) და „როგორც ხელმისაწვდომია“ (AS AVAILABLE). კანონით ნებადართულ მაქსიმალურ ფარგლებში, FORMACORE უარყოფს ნებისმიერ პირდაპირ ან ნაგულისხმევ გარანტიას, მათ შორის სავაჭროვარგისიანობის, კონკრეტული მიზნისთვის ვარგისიანობისა და უფლებების დარღვევის არარსებობის შესახებ.
12. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
კანონმდებლობით ნებადართულ მაქსიმალურ ფარგლებში, FORMACORE-ის ჯამური პასუხისმგებლობა, რომელიც გამომდინარეობს ან უკავშირდება ამ პირობებს, არ გადააჭარბებს დამკვეთის მიერ მოთხოვნის წარმოშობამდე ბოლო თორმეტი (12) თვის განმავლობაში გადახდილ საფასურს. არცერთი მხარე არ არის პასუხისმგებელი ირიბ, ირიბად გამოწვეულ, შემთხვევით ან საჯარიმო ზიანზე/ზარალზე.
13. ანაზღაურება (Indemnification)
დამკვეთი იღებს ვალდებულებას დაიცვას და აუნაზღაუროს FormaCore-ს ნებისმიერი ზიანი ან მოთხოვნა, რომელიც გამომდინარეობს დამკვეთის მიერ მომსახურების არამართლზომიერი გამოყენებიდან, ამ პირობების დარღვევიდან ან მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით პლატფორმაზე წევრთა მონაცემების განთავსებიდან.
14. მარეგულირებელი სამართალი და დავები
წინამდებარე პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. ნებისმიერი დავა, რომელიც გამომდინარეობს ამ პირობებიდან, განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.
15. ცვლილებები პირობებში
ჩვენ უფლებას ვიტოვებთ პერიოდულად განვაახლოთ ეს პირობები. არსებითი ცვლილებების შესახებ დამკვეთებს ეცნობებათ ელფოსტის ან აპლიკაციის შიდა შეტყობინების მეშვეობით, ცვლილებების ძალაში შესვლამდე არანაკლებ 30 დღით ადრე. ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ მომსახურებით სარგებლობის გაგრძელება ითვლება ახალ პირობებზე თანხმობად.
16. კონფიდენციალურობა
თითოეული მხარე იცავს მეორე მხარისგან მომსახურებასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი არასაჯარო ბიზნეს, ტექნიკური ან ფინანსური ინფორმაციის კონფიდენციალურობას, მათ შორის ფასების, ფასდაკლებების, ბიზნეს მაჩვენებლებისა და პროდუქტის შესახებ ინფორმაციისა, და იყენებს მას მხოლოდ ამ პირობების შესასრულებლად. ეს ვალდებულება არ ვრცელდება საჯარო, მიმღებისთვის უკვე ცნობილ, დამოუკიდებლად შექმნილ ან კანონის საფუძველზე გასამჟღავნებელ ინფორმაციაზე. ვალდებულება მოქმედებს შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში. წევრთა პერსონალური მონაცემები რეგულირდება DPA-ით.
17. დაუძლეველი ძალა
არცერთი მხარე არ არის პასუხისმგებელი დაგვიანებაზე ან შეუსრულებლობაზე, რომელიც გამოწვეულია მისი გონივრული კონტროლის მიღმა არსებული გარემოებებით.
18. ზოგადი დებულებები
თუ ამ პირობების რომელიმე დებულება ბათილად იქნება ცნობილი, დანარჩენი დებულებები ძალაში რჩება. დამკვეთს არ შეუძლია თავისი უფლებებისა და ვალდებულებების გადაცემა FormaCore-ის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე; FormaCore-ს შეუძლია მათი გადაცემა უფლებამონაცვლისთვის რეორგანიზაციის, შეძენის ან ბიზნესის გასხვისების შემთხვევაში. ამ პირობებთან დაკავშირებული ყველა შეტყობინება და კომუნიკაცია ხორციელდება ელფოსტით. FormaCore-ის მისამართია info@formacore.io, ხოლო დამკვეთის - მომსახურების ხელშეკრულებაში ან ანგარიშში მითითებული მისამართი. შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება გაგზავნის მომდევნო სამუშაო დღეს. ეს პირობები გამოქვეყნებულია ქართულ და ინგლისურ ენებზე; შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ქართულ ვერსიას.
19. საკონტაქტო ინფორმაცია
შპს „ფორმაკორი“ (FormaCore LLC)
ელფოსტა (ყველა კომუნიკაციისთვის): info@formacore.io
იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა, კორპუსი 1, ბინა 180

