პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ შეთანხმება (DPA)
ძალაში შესვლის თარიღი: 01.09.2026
წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ შეთანხმება (შემდგომში: „შეთანხმება“ ან „DPA“) წარმოადგენს მომსახურების პირობების (Terms of Service) განუყოფელ ნაწილს შპს „ფორმაკორს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 405872854, მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა, კორპუსი 1, ბინა 180; შემდგომში: „დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი“, „FormaCore“ ან „ჩვენ“) და დამკვეთს (შემდგომში: „დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი“) შორის. წინამდებარე შეთანხმება არეგულირებს FormaCore-ის მიერ დამკვეთის სახელით მისი წევრების პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობებს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
1. ტერმინთა განმარტება
„პერსონალური მონაცემი“: ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს, რომლის დამუშავებაც ხორციელდება FormaCore-ის მიერ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის სახელით, მომსახურების გაწევის ფარგლებში.
„მონაცემთა დამუშავება“: აქვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
„მონაცემთა სუბიექტი“: დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის წევრები, პერსონალი ან სხვა ფიზიკური პირები, რომელთა პერსონალური მონაცემებიც მუშავდება მომსახურების მეშვეობით.
„ქვეკონტრაქტორი / ქვედამამუშავებელი“ (Subprocessor): ნებისმიერი მესამე პირი, რომელიც ჩართულია FormaCore-ის მიერ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის სახელით პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში.
2. მხარეთა როლები და საკანონმდებლო შესაბამისობა
თითოეული მხარე იღებს ვალდებულებას დაიცვას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული მოთხოვნები. FormaCore მოქმედებს როგორც მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, ხოლო დამკვეთი მოქმედებს როგორც მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი იმ წევრთა მონაცემების მიმართ, რომლებიც მუშავდება მომსახურების მეშვეობით. FormaCore-ის ვალდებულებები შემოიფარგლება მხოლოდ მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფითა და ოპერირებით; დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ინარჩუნებს სრულ პასუხისმგებლობას მონაცემთა შეგროვების კანონიერებაზე, მონაცემთა სუბიექტების ინფორმირებასა და მათგან თანხმობის მოპოვებაზე, აგრეთვე იმ შინაარსზე (კონტენტზე), რომელსაც ის ტვირთავს, აგზავნის ან ამუშავებს სისტემის მეშვეობით.
3. დამუშავების საგანი, ხანგრძლივობა და ხასიათი
საგანი: FormaCore-ის პლატფორმის უზრუნველყოფა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ფიტნეს/გამაჯანსაღებელი ბიზნესის მართვისთვის, მათ შორის წევრობების, განრიგების, გადახდებისა და წევრებთან კომუნიკაციის ორგანიზების მიზნით.
ხანგრძლივობა: მომსახურების გამოწერის (Subscription) მოქმედების ვადით, ამ შეთანხმების მე-8 მუხლით გათვალისწინებული მონაცემთა ექსპორტისა და შენახვის პერიოდის ჩათვლით.
ხასიათი და მიზანი: პერსონალური მონაცემების შენახვა, ამოღება, ორგანიზება და გადაცემა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მითითებით, სისტემის ფუნქციონალის შესაბამისად (წევრთა მართვა, ჯავშნები, გადახდების მონიტორინგი, ელფოსტით კომუნიკაცია, რეპორტინგი).
4. მონაცემთა სუბიექტებისა და პერსონალური მონაცემების კატეგორიები
მონაცემთა სუბიექტები: დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ბიზნესის წევრები (მომხმარებლები); აგრეთვე დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის თანამშრომლები/პერსონალი (საჭიროებისამებრ).
პერსონალური მონაცემების კატეგორიები: საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, საკონტაქტო ინფორმაცია); წევრობისა და დასწრების ისტორია; გადახდებისა და ანგარიშსწორების ისტორია; პლატფორმის მეშვეობით გაგზავნილი ან მიღებული ელექტრონული კომუნიკაცია; მონაცემები, რომლებიც ნებაყოფლობით არის მიწოდებული წევრთა პორტალის ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით.
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი დამოუკიდებლად განსაზღვრავს პლატფორმაზე განთავსებული მონაცემების შემადგენლობას და პასუხისმგებელია მათ სიზუსტესა და შეგროვების სამართლებრივ საფუძველზე.
5. დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის (FormaCore) ვალდებულებები
FormaCore იღებს ვალდებულებას:
- დაამუშაოს პერსონალური მონაცემები მხოლოდ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის დოკუმენტირებული ინსტრუქციების შესაბამისად (მათ შორის, მომსახურების პირობებისა და ამ DPA-ის საფუძველზე), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს პირდაპირ მოითხოვება მოქმედი კანონმდებლობით. იმ შემთხვევაში, თუ ინსტრუქცია ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, FormaCore დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს;
- უზრუნველყოს, რომ მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პერსონალი შეკრული იყოს კონფიდენციალურობის დაიცვის სამართლებრივი ვალდებულებით;
- გაატაროს სათანადო ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომები (მე-7 მუხლის შესაბამისად);
- გონივრულ ფარგლებში გაუწიოს დახმარება დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მონაცემთა სუბიექტების მოთხოვნებზე რეაგირების პროცესში;
- პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის (ინციდენტის) გამოვლენის შემთხვევაში, გააფრთხილოს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა, რათა დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა შეძლოს კანონით დადგენილ 72 საათიან ვადაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმირება;
- მიაწოდოს დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს გონივრულად აუცილებელი ინფორმაცია წინამდებარე DPA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით;
- მომსახურების ვადის ამოწურვისას წაშალოს ან დაუბრუნოს პერსონალური მონაცემები დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მე-8 მუხლის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მონაცემთა შენახვა სავალდებულოა კანონმდებლობით.
6. ქვეკონტრაქტორები / ქვედამამუშავებლები (Subprocessors)
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი აცხადებს თანხმობას FormaCore-ის მიერ შემდეგი ქვეკონტრაქტორების ჩართვაზე, აგრეთვე იმ დამატებითი პირების ჩართვაზე, რომლებიც გონივრულად აუცილებელია მომსახურების გასაწევად:
FormaCore ვალდებულია ახალი ქვეკონტრაქტორის ჩართვის ან არსებულის ცვლილების შესახებ აცნობოს დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ცვლილების ძალაში შესვლამდე სულ მცირე 7 დღით ადრე, რისი მეშვეობითაც დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ეძლევა შესაძლებლობა წარადგინოს დასაბუთებული პრეტენზია მონაცემთა დაცვის მოთხოვნებიდან გამომდინარე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მომსახურებით სარგებლობის გაგრძელება ითვლება თანხმობად. FormaCore ინარჩუნებს სრულ პასუხისმგებლობას თითოეული ქვეკონტრაქტორის მიერ იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რომლებიც ანალოგიურია ამ DPA-ით დადგენილი პირობებისა. FormaCore უზრუნველყოფს ამ ცხრილის პერიოდულ განახლებასა და გამოქვეყნებას მისამართზე: www.formacore.io. ხელოვნური ინტელექტის (AI) პროვაიდერი ნაგულისხმევად განისაზღვრება FormaCore-ის მიერ და დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მოთხოვნით შეიძლება შეიცვალოს სხვა მხარდაჭერილი პროვაიდერით. თუ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი აკავშირებს საკუთარ AI პროვაიდერის ანგარიშს, ეს პროვაიდერი ჩართულია უშუალოდ მის მიერ და არ წარმოადგენს FormaCore-ის ქვეკონტრაქტორს.
7. უსაფრთხოების ზომები
FormaCore ახორციელებს შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს, რაც მოიცავს მონაცემთა შიფრაციას (encryption) გადაცემის პროცესში, წვდომის კონტროლს (რომელიც ზღუდავს მონაცემებთან წვდომას მხოლოდ უფლებამოსილი პერსონალისთვის), უსაფრთხო ჰოსტინგ-ინფრასტრუქტურას და ამ ზომების პერიოდულ გადახედვას რისკების ცვლილების შესაბამისად.
8. მონაცემთა დაბრუნება და წაშლა
მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტის ან ვადის გასვლის შემდეგ:
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს უფლება აქვს მოახდინოს საკუთარი პერსონალური მონაცემების ექსპორტი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 3 თვის განმავლობაში.
- აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, FormaCore უზრუნველყოფს აქტიური სისტემებიდან დარჩენილი პერსონალური მონაცემების წაშლას ან ანონიმიზაციას გონივრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მონაცემთა შენახვა სავალდებულოა კანონმდებლობით (მაგალითად: ფინანსური/საბუღალტრო დოკუმენტაცია).
- სარეზერვო ასლები (Backup copies) განადგურდება FormaCore-ის სტანდარტული როტაციის განრიგის შესაბამისად.
9. მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა
იმ შემთხვევაში, თუ პერსონალური მონაცემების გადაცემა ხორციელდება საქართველოს ფარგლებს გარეთ ქვეკონტრაქტორის მეშვეობით, FormaCore უზრუნველყოფს, რომ მიმღებ ქვეყანაში არსებობდეს მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები ან გაფორმებული იყოს შესაბამისი სახელშეკრულებო გარანტიები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
10. აუდიტის უფლება
დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, წელიწადში არაუმეტეს ერთხელ (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს მოითხოვება ზედამხედველი ორგანოს მიერ ან უსაფრთხოების ინციდენტის შემდეგ, სულ მცირე 30 დღით ადრე წინასწარი შეტყობინების პირობით), FormaCore მიაწვდის დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს გონივრულად აუცილებელ ინფორმაციას ამ DPA-ის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად (რაც შეიძლება მოიცავდეს შესაბამის დოკუმენტაციას ან წერილობით კითხვარზე პასუხებს), ადგილზე აუდიტის ჩატარების სანაცვლოდ.
11. პასუხისმგებლობა და უპირატესი ძალა
წინამდებარე DPA-ით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ექვემდებარება მომსახურების პირობებით (Terms of Service) დადგენილ შეზღუდვებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი შეზღუდვა დაუშვებელია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით. პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხებთან დაკავშირებით წინამდებარე DPA-სა და მომსახურების პირობებს შორის უთანხმოებისას, უპირატესობა ენიჭება წინამდებარე DPA-ის პირობებს.
12. საკონტაქტო ინფორმაცია
FormaCore
საქართველო, ქ. თბილისი, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა, კორპუსი 1, ბინა 180
მონაცემთა დაცვის საკონტაქტო ელფოსტა: info@formacore.io

